საპატიო მოქალაქის მინიჭება შალვა და პაატა ამონაშვილებისათვის

11 ივლისი, 2017
10 ივლისს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი, საკრებულოს წევრები, გამგებლის პირველი მოადგილე დავით ნაპირელი, არასამთავრობო ორგანიზაციის „თელავი ჩემი ქალაქია“ წარმომადგენლები სოფელ ბუშეტში, შალვა ამონაშვილის დაფუძნებულ ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრს ეწვივნენ, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანმა და გამგებლის პირველმა მოადგილე დავით ნაპირელმა განათლების და პედაგოგიკის დარგში შეტანილი დიდი წვლილისათვის შალვა და პაატა ამონაშვილებს საპატიო ჯილდო გადასცეს. „ეს ჯილდო მხოლოდ მცირე გამოხატულებაა იმ დიდი ღვაწლისა, რასაც თქვენ და თქვენი ოჯახი ეწევით მომავალი თაობების აღზრდა-განათლების და ჰუმანური პედაგოგიკის მიმართულებით. თქვენ არა მხოლოდ განათლებას ემსახურებით, არამედ პოპულარიზაციას უწევთ ჩვენს ქვეყანას, მთელ მსოფლიოს აცნობთ მის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს“ - აღნიშნა პაატა გიორგობიანმა საპატიო ჯილდოს გადაცემისას, ხოლო დავით ნაპირელმა განაცხადა: „ჩვენს მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ ბუშეტში ასეთი მასშტაბური ცენტრის დაფუძნება, ამდენი უცხოელი მსმენელის მიღება, სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობა, მართლაც დიდი საქმეა. დიდი მადლობა ამისათვის და გვიგულეთ თქვენს გვერდით“ . ჯილდოს გადაცემას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ცენტრის მსმენელებიც ესწრებოდნენ. ბალტიისპირეთიდან, უკრაინიდან, ავსტრიიდან, რუსეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები მადლიერებას გამოხატავდნენ შალვა და პაატა ამონაშვილების მიმართ, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ საქართველოს, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარე დამოკიდებულების გამო.
ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:
გააზიარე