ართანა

ართანის ადმინისტრაციული ერთეული

სოფელი ართანა მდებარეობს მდინარე დიდხევის (ლოპოტის შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 460 მეტრი, თელავიდან 21 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 819 ადამიანი.
სოფელს ასევე ესაზღვრება მდინარეები - ლოპოტა და ჭიჭაკვი. ართანა უძველესი სოფლების ნაფუძვარზეა გაშენებული, ესენია: მოსორნა, ჟუჟურაული, მაჩხაური და იულთა. გადმოცემით, ართანას მე-17 საუკუნემდე მოიხსენიებდნენ როგორც იულთას, რომლის მიდამოები ჭაობიანი ყოფილა, რის გამოც გაჩენილა მალარია და მოსახლეობის დიდი ნაწილი უმსხვერპლია. იულთა დღევანდელი დასახლებიდან 2-3 კმ-ით დასავლეთით მდებარეობდა. მის ტერიტორიაზ აღმოჩენილია რომაული მონეტები და სხვადასხვა ნივთები.

არსებობს თქმულება:

ერთხელ (ლეკიანობის პერიოდში) მტრის ლაშქარი  მიდიოდა დიდ საგრემო გზაზე, როცა ლოპოტაში გასულან. ერთ მეომარს წყალში ცხენი შეუგდია, შეუმჩნევია მდინარეში ნაფოტი, რომელიც ამოუღია და სარდლისთვის მიუტანია ნიშნად იმისა, რომ ამ ხეობაში ხალხი ცხოვრობდა. ლაშქარი მობრუნებულა, აჰყოლია ხეობას და სოფლები ნანგრევებად უქცევია, ხალხისთვის კი დიდი ხარკი დაუკისრებია. თურმე მაშინ ადგილობრივი გლეხი მიჰყავდათ ტყვედ, რომელიც ყვიროდა „არ წამიყვანი თანაო“, საიდანაც წარმოსდგება ახლანდელი სახელი „ართანა“. ბოლო დრომდე იქ  ცხოვრობდა რამოდენიმე მოსახლე, რომლებიც ართანაში ჩამოსახლებულან. ესენი არიან: პავლიაშვილები და მუცელაურები.

ბევრ ისტორიულ წყაროში ართანა იხსენიება, როგორც სპილენძისა და პირიტის საბადოების ერთ-ერთი კერა. სოფელი დიდი ისტორიული წარსულის მქონეა. დრეისათვის ართანაში 24 ისტორიული ძეგლია შემორჩენილი, რომელთაგან უმრავლესობა ნანგრევებადაა ქცეული. ზოგი საჩინო ადგილზეა, ზოგი კი ტყესა და მიუვალ ადგილზეა აგებული. ამბობენ, რომ “ციხიანებად” წოდებულ ტერიტორიებზე არსებული ციხე-კოშკების ნანგრევები კახეთის მეფის ბრძოლის ველებისათვის სათვალთვალო კოშკს წარმოადგენდა.  

V-VI საუკუნეების ძეგლებია: „ჟუჟურაულის ღვთაება“, სანიორე-ართანის საზღვარზე მდებარე „სამება“, წმ. გიორგის და თევდორეს ეკლესიები.

X-XI საუკუნეებისაა: „ორმოცის ეკლესია“, „ცხრაკარა“, წმინდა აბრამის ეკლესია, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია და მის გარშემო მდებარე კატარ-პატარა ეკლესიები.

შედარებით გვიან არის აშენენბული „აღდგომის“ ეკლესია, სოფლის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და „სიმაანთ“ ღვთისმშობლის ეკლესია.

სოფლის თავში კავკასიონის ერთ-ერთ კალთაზე აგებულია წმინდა გიორგის სახელობის უკარებო ეკლესია. გადმოცემით, ეს ეკლესია უკავშირდება ალავერდისა და ნეკრესის ტაძრებს.

მოსახლეობა ყოველი წლის 23 მარტს აღნიშნავს 40 მოწამის რელიგიურ დღესასწაულს, ხოლო 1 დეკემბერს მოსავლის სახალხო დღესასწაულს.


წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

         სიმონ მაისურაძე 

✆ 592 01 02 23

✉ - artana.telavi@gmail.com

 

სპეციალისტი
  • ნოდარ კოჭლოშვილი - მობ: 599 681541
  • ხატია ბუაძე - მობ: 511 33 13 98


გადიდებული რუკის ნახვა

გააზიარე